Saturday, June 23, 2007
MAGNUM History
“მაგნუმი” მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ შეიქმნა. ყველაზე პრესტიჟული ფოტოსააგენტო ოთხმა ფოტოგრაფმა დააარსა. ესენი არიან რობერტ კაპა, ანრი კარტიე-ბრესონი, ჯორჯ როჯერი და დევიდ “ჩიმ” სეიმური. (Robert Capa, Henri Cartier-Bresson, George Rodger and David "Chim" Seymour )
1947 წელს მათ შექმნეს “მაგნუმი”, რათა გამოეხატათ თავიანთი ინდივიდუალური ბუნება, როგორც ადამიანური, ასევე ფოტოგრაფიული თვალსაზრისით. რეპორტიორისა და ხელოვანის უნიკალური ნარევი _ ესაა მაგნუმის მიმართულება, რომელიც ხაზს უსვამს არა მხოლოდ იმას, თუ რას ხედავს ფოტოგრაფი, არამედ იმასაც, თუ როგორ ხედავს.
Le Monde-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარული ფოტოგრაფი ანრი კარტიე- ბრესონი ამბობს: “საფრანგეთში რომ დავბრუნდი, უძლური ვიყავი. განთავისუფლების (მეორე მსოფლიო ომის) შემდეგ ქვეყნები ერთმანეთისგან იყვნენ იზოლირებულნი. ხალხი ცნობისმოყვარეობით იყო შეპყრობილი. ჩემს ოჯახს ცოტაოდენი ფული ჰქონდა, რაც საშუალებას მაძლევდა, ბანკში არ მემუშავა. “მაგნუმთან” ერთად გაჩნდა ისტორიების მოყოლის აუცილებლობა. ერთხელ კაპამ მითხრა: “ნუ მიიკარი სიურრეალისტი ფოტოგრაფის იარლიყი, ფოტოჟურნალისტი იყავი, თორემ მანიერიზმში ჩაეფლობი. სიურრეალიზმი შენს პატარა გულში შეინახე, ჩემო ძვირფასო. მუდამ გახსოვდეს, რომ კი არ უნდა იდარდო, უნდა იმოქმედო!” ამ რჩევამ ჩემი თვალსაწიერი გააფართოვა.
“მაგნუმის”კიდევ ერთმა დამაარსებელმა, ინგლისელმა ჟორჯ როჯერმა, დაადასტურა, რომ მისმა კოლეგამ, რობერტ კაპამ, სააგენტოს დინამიკურმა ხელმძღვანელმა, იწინასწარმეტყველა ფოტოგრაფიის როლი მომავალში, მეორე მსოფლიო ომის შედეგ, რასაც, თავის მხრივ წინ უძღოდა პორტატიული კამერებისა და მაშინდელზე უკეთესი შუქმგრძნობიარე ფირების გამოგონება. “ის მიხვდა, რომ პატარა კამერები, რომლებიც სწრაფი და უხმაუროა, მოსახმარად უნიკალური იქნებოდა. “მინი-კამერები და მაქსიმალური შესაძლებლობები” _ ამ სახით დაინახა მან ჩვენი მომვალი.
როჯერმა სახელი გაითქვა ბლიცისა (ინგლისის დაბომბვა ნაცისტების მიერ) და ბერგენ-ბელსენის (ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის) გადაღებული ფოტოებით. იაპონელ ჯარისკაცებს რომ გაჰქცეოდა, ბირმაში მას მოუხდა ბამბუკის ტყეებში ხუთასამდე კილომეტრის ფეხით გავლა. როჯერმა, მას შემდეგ, რაც შოკი მიიღო საკონცენტრაციო ბანაკის გადაღებისას, სამხედრო ფოტოგრაფიას თავი გაანება _ მან გაიაზრა, რომ იღებდა ლამაზ კომპოზიციებს გროვად დაწყობილი გვამებისგან. ბრესონმა ომის უმეტესი ნაწილი გერმანელების ტყვეობაში გაატარა, მესამე ცდაზე იგი ტყვეობიდან გამოიქცა და საფრანგეთის წინააღმდეგობას შეუერთდა. პოლონეთში დაბადებულმა დევიდ სეიმურმა (მეტსხელად “ჩიმმა”) მშობლები მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგა (მამამისი ებრაულსა და იდიშზე წიგნების გამომცემელი იყო). უნგრელმა კაპამ, რომლის სახელიც ომის ფოტოგრაფიის სინონიმი გახდა, ესპანეთის სამოქალაქო ომიდან მოყოლებული, შექმნა მღვრიე (ინტუიციური, შინაგანი) ფოტოები D-Day(ნორმანდის დაბომბვის) შეტევის შესახებ, რომლებიც მისი სიმბოლო გახდა. “მაგნუმის” ოთხიდან ორი დამფუძნებელი, კაპა და ჩიმი, ტრაგიკულად დაიღუპა ომის გადაღების დროს.
ამ ოთხეულმა “მაგნუმი” იმისათვის შექმნა, რომ თვითონაც და სხვა ფოტოგრაფებსაც, შესაძლებლობა ჰქონოდათ, ჟურნალების წესებისა და ფორმულების მიხედვით არ ემუშავათ და საქმე თავიანთ გემოზე ეკეთებინათ. საწყის ეტაპზე სააგენტოები დაარსდა პარიზსა და ნიუ-იორკში, ცოტა ხნის წინ მათ დაემატა ოფისები ლონდონსა და ტოკიოში. ისინი დაარსდა როგორც კოოპერატივი, რომელშიც თანამშრომლები, თანადამაარებლების ჩათვლით (მარია ეისნერი, რიტა ვანდივერტი) სხვა ფოტოგრაფებს ეხმარებიან. საავტორო უფლებები ეკუთვნის ფოტოს ავტორს და არა ჟურნალს, რომელმაც ნამუშევარი გამოაქვეყნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფოტოგრაფს შეუძლია გადაწყვიტოს, გადაიღოს სადმე შიმშილობა, შემდეგ გამოაქვეყნოს ჟურნალ “Life”-ში და სააგენტოს შემდეგ უფლება ექნება ეს ფოტოები მიჰყიდოს სხვა ქვეყნებში ისეთ ჟურნალებს, როგორებიცაა “Paris Match” და “Picture Post”. ეს ფოტოგრაფს საშუალებას აძლევს, იმუშაოს ისეთ თემებზე, რომლებზეც თვითონ მოსურვება, რაიმე სპეციალური დავალების გარეშე.
იმ დროს, ფოტოგრაფებს დიდ უპირატესობა ჰქონდათ: მსოფლიოში ბევრი ადგილი იყო, სადაც არც ერთი ფოტოგრაფი არ იყო ნამყოფი. მათ შეეძლოთ აერჩიათ და წასულიყვნენ თითქმის ნებისმიერ ადგილზე, სადაც ჯორჯი მუთითებდა, რადგანაც ადრე კაცს შეეძლო “ფოტოები გადაეღო ნებისმიერ თემაზე და ჟურნალებს აჟიოტაჟი აეტეხათ; მაგრამ მცდარი იყო აზრი, რომ სულ ასე იქნებოდა.”
“მაგნუმის” პირველი ნაბიჯი იყო მსოფლიოს დაყოფა გადასაღებად მოსახერხებელ ნაწილებად: ჩიმი ევროპაში იღებდა, ბრესონი _ ინდოეთსა და შორეულ აღმოსავლეთში, როჯერი _ აფრიკაში და კაპა კი ამერიკაში ბილ ვანდივერტს (ამერიკელს, რომელიც დაეხმარა “მაგნუმის” ჩამოყალიბებაში და მალევე ჩამოშორდა მათ) ცვლიდა. მათ თავიდანვე გაუჩნდათ კარგი შემოსავალი. მაგალითად, კაპამ რეპორტაჟი გააკეთა საბჭოთა კავშირიდან: “მზერა ცენზურის გარეშე “რკინის ფარდის” იქითა მხარეს” (uncensored look behind the Iron Curtain) თავის მეგობარ, მწერალ ჯონ სტეინბეკთან ერთად. (გამოქვეყნდა "Ladies Home Journal"-ში, რომლისგანაც კაპამ 20,000 დოლარი მიიღო ჰონორარად; ცნობილია აგრეთვე ბრესონის გადაღებული ინდოეთის ღირსშესანიშნაობები და განდის მკვლელობის რეპორტაჟები.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მაგნუმის ფოტოგრაფებს თავიანთთვის სასურველი თემების არჩევის საშუალება ჰქონოდათ და მათზე ხანგრძლივად ემუშავათ. არც ერთ მათგანს არ უნდოდა, რომ დისკომფრტი ჰქონოდა რედაქციის მხრიდან. მათ სჯეროდათ, რომ ფოტოგრაფებს ფოტოებში უნდა გამოეხატათ საკუთარი თვალსაზრისი, რომელიც აღბეჭდვის ნებისმიერ სტერეოტიპულ მეთოდს სცილდება.
“ჩვენ ხშირად ვიღებთ მოვლენებს, რომელსაც “ახალ ამბებს” ეძახიან”, _ განუცხადა კარტიე-ბრესონმა ბაირონ დობელს, ჟურნალ “Popular Photography”-ს ჟურნალისტს 1957 წელს, _ “მაგრამ ზოგი ახალ ამბავს ყვება ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად, თითქოს ბუღალტრულ ანგარიშს აკეთებდეს. სამწუხაროდ, ასეთი ჟურნალის ფოტოგრაფები, საკითხს ყველაზე არასაინტერესო კუთხით უდგებიან. ეს რომელიმე ისტორიკოსის მიერ ვატერლოოს ბრძოლის დეტალების აღწერასა ჰგავს: ამდენი და ამდენი კაცი დაიღუპა და ამდენი და ამდენი ზარბაზანი გამოიყენესო. კითხულობ ამ ანგარიშს და გგონია, რომ საგნების აღწერაა. მაგრამ, თუ თქვენ სტენდალის “პარმის სავანეს” წაიკითხავთ, თქვენ ბრძოლის ველზე იქნებით და პატარა სიმბოლურ დეტალებს დაიჭერთ... ცხოვრება არ შედგება ისტორიებისგან, რომელიც, შეგიძლია ვაშლის ღვეზელივით ნაჭრებად დაჭრა. არ არსებობს ისტორიასთან მიდგომის სტანდარტული გზა. ჩვენ სიმართლე უნდა გამოვაღვიძოთ. ეს არსებული რეალობის პოეზიაა.”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
mec foto blogi maqvs da Semomiare xolme:)
kinkebSi rom dagamato imedia ar xar winaaRmdegi
vax es ra magari blogi gkonia:) ai mesmis shroma:)
Post a Comment