
Brassaï
ბრასაი (Gyula Halász-ის ფსედონიმი)
(1899წ. -1984წ.)უნგრელი ფოტოგრაფი, სკულპტორი და რეჟისორი, რომელმაც სახელი გაითქვა საფრანგეთში.
ბრასაი დაიბადა ქალაქ ბრაშოვში, ტრანსილვანიის (რუმინეთი) სამხრეთ-აღმოსავლეთში, უნგრელი მამისა და ამერიკელი დედის ოჯახში. როცა ბრასაი სამი წლისა იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც მამამისი ლექციებს კითხულობდა სორბონის უნივერსიტეტში.ბრასაი ბუდაპეშტის სახვითი ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა სკულპტურასა და ფერწერას. შემდეგ მას მოუწია ავსტრო-უნგრეთის არმიის კავალერიაში სამსახური, სადაც პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე მოუხდა დარჩენა. 1920 წელს ბრასაი გადადის ბერლინში და მუშაობას იწყებს ჟურნალისტად და ამავდროულად სწავლას განაგრძობს ბერლინის შარლოტენბურგის ხელოვნების აკადემიაში.
1924 წელს იგი კვლავ ბრუნდება პარიზში, სადაც ცხოვრების ბოლომდე რჩება. ფრანგული ენის დასახვეწად ბრასაი მარსელ პრუსტს კითხულობდა ორიგინალში. იგი პარიზში მონპარნასზე ცხოვრობდა უამრავი ხელოვანისა და შემოქმედის გარემოცვაში. ის პარიზშიც ჟურნალისტად მუშაობდა. ბრასაი მალევე დაუმეგობრდა ჰენრი მილერს, ლეონ-პოლ ფარგს და პოეტ ჟაკ პრევერს. თავისმა საქმიანობამ და ქალაქის სიყვარულმა, რომლის ქუჩებშიც ხშირად უხდებოდა ღამღამობით ხეტიალი, ბრასაი ფოტოგრაფიის სიყვარულამდე მიიყვანა. მოგვიანებით ბრასაი წერდა, რომ ფოტოგრაფიამ საშუალება მიცა, დაენახა პარიზული ღამეები, ქალაქის ქუჩებისა და პარკების სილამაზე წვიმასა და ნისლში.მან თავის ფოტოებში ქალაქის არსი აღბეჭდა. 1933 წელს გამოსცა თავისი პირველი ფოტოალბომი “პარიზი ღამით”. მის გარჯას უშედეგოდ არ ჩაუვლია. პარიზის მივარდნილი ადგილების გადაღების პარალელურად ბრასაი იღებდა პარიზის მაღალ საზოგადოებას მათ ცხოვრებას, ინტელექტუალებს, ბალეტს, ოპერას და ა.შ. მას გადაღებული ჰყავს ბევრი თავისი შემოქმედი მეგობარი, მათ შორის სალვადორ დალი, ანრი მატისი, პაბლო პიკასო, ალბერტო ჯაკომეტი... '
ბრასაის თავისმა ფოტოებმა მსოფლიო აღიარება მოუტანა. ის მოგზაურობდა, გამოფენებს ატარებდა, ლექციების კითხულობდა.1956 წელს მისმა ფილმმა Tant qu'il y aura des bêtes მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო, როგორც ყველაზე ორიგინალურმა ფილმმა.
1978 წელს მიიღო საფრანგეთის ნაციონალური ფოტოკონკურსის გრანპრი.როგორც ფოტოგრაფს, გამოქვეყნებული აქვს 17 წიგნი.
1961 წელს ბრასაი თავს ანებებს ფოტოების გადაღებას და მთელ თავის ენერგიას ახმარს ქვისა და ბრინჯაოსაგან ქანდაკებების კეთებას.
ბრასაი გარდაიცვალა 1984 წლის 8 ივლისს, 85 წლისა. დასაფლავებულია პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე.
2000 წელს მისი ქვრივის დახმარებით ჟორჟ პომპიდუს ცენტრში გაიმართა მისი ნამუშევრების დიდი გამოფენა.



















